ამ ეტაპზე ჩვენ რასაც განვიხილავთ, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ვაქცინაციის პროცესისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც მხაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია აქვს გავლილი.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ორგანოები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განისაზღვრება და ამ ჩამონათვალში 35 ქვეყანა შედის, კერძოდ, ამერიკის წამლისა და კვების სააგენტო და სხვები.
„მხოლოდ ასეთ ვაქცინების შემოტანაზეა საუბარი და ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს. ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა არ არის აღიარებული არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ, არც ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული არ არის. არის ორი ვაქცინა „სინოვაკი“ და „სინოფარმოა“ ყველაზე წინ წასული და ჩვენთვის ცნობილი, იმ ჩამონათვალიდან, რომელიც შესაძლოა ჩინეთში გამოიყენება. ამდენად, ამ ეტაპზე ჩვენ რასაც განვიხილავთ, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მან განმარტა, რომ საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არის ტექნოლოგიური შესაძლებლობა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა -80 გრადუსზე შეინახონ.
მისივე თქმით, ასეთი მაცივრები არის ლუგარის ცენტრსა და მის ფილიალებში, ასევე, ტუბერკულოზის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ერთი ასეთი მაცივრის შესაძენად დაახლოებით, 23 ათასი დოლარია საჭირო. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეძენა მოხდება.
Leave a Reply