ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. ცეცხლის ახალი კერა დაფიქსირდა სოფელ ბზიფში, სადაც ამ დროისთვის ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
„დილით ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, იქ ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია და ხანძრის ჩაქრობას მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ”, – განაცხადა ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის უფროსმა დავით ბგანგამ.
იწვის ასწლოვანი უნიკალური მცენარეები და სანაპიროზე ფერდობებს ცეცხლი უკიდია. წუხელ, სტიქია საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მიუხლოვდა, თუმცა მეხანძრეებმა სახლების გადარჩენა შეძლეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანძარი დაფიქსირდა ახალი ათონის მახლობლად მდებარე ტყეშიც.
ოკუპირებული აფხაზეთი ხანძრების გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაგრის რაიონის სამაშველო სამსახურის ე.წ.ხელმძღვანელის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზებისთვის საჭირო აუცილებელი ტექნიკა მათ არ გააჩნიათ.
Leave a Reply