საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფომ პრევენციული ზომები დროულად მიიღო, ამიტომ დღეს სხვა ქვეყნებთან შედარებით დადებითი სტატისტიკა ფიქსირდება.
„შემიძლია, ვთქვა და თან თითებს გადავაჯვარედინებ, რომ ჯერჯერობით არ ვართ ფართომასშტაბიანი გავრცელების არეალში, მსგავსად ბევრი ევროპული ქვეყნის და ასევე, არ დავასახელებ, ჩვენს მეზობლებს, სადაც უკვე ასობით და ათასობით შემთხვევა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღონისძიებები სერიოზული გატარდა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, საკმარისი არასოდეს არაფერია, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და მთავარი ღონისძიება ეს არის სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ასეთი ტენდენციის შესანარჩუნებლად, მოსახლეობამ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.
„საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები, იმიტომ, რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ მთავარია როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
Leave a Reply