თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი ეხმაურება. ის არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.
„არ შევდივართ ვინმესთან პოლემიკაში. ყველა ადამიანს, იქნება ეს კერძო პირი, საკრებულოს დეპუტატი თუ ე.წ. ბოტი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასამართლოს გზით მოეთხოვება პასუხი“, – აცხადებს თათა გაფრინდაშვილი.
თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე „ფეისბუქზე“ მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექსტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განთავსებული ტექსტის განმარტებისას კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.
Leave a Reply